ჯანსუღ კორძაია
პოლიტპატიმრებისათვის ეს ღამეც, რუსთავის კოლონიიდან განთავისუფლების წინა ღამეც უძილო, აფორიაქებული და ფიქრში ჩაძირული იყო . . .
ხვამლი იმ გაზაფხულზეც ქვიშისფერი იყო. ვარდობის– თვის საფირონისფერ, მაღალი ზეცისკენ იდუმალ ოცნებად წასულ...
ჯანსუღ კორძაია დაიბადა 1932 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში. ბავშვობა გაატარა გორაზე, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მამა-პაპეულ სახლში.
მამა – ტიტე, ეკონომისტი იყო და მთელს ქუთაისში კოლორიტულობით ცნობილი პიროვნება. დედა – მარიამი, ასევე ეკონომისტი, ძირითადად საოჯახო საქმით, ჯანსუღის და მის უმცროსი დის თამილას აღზრდით იყო დაკავებული.
ოჯახს მრავალრიცხოვანი და ერთმანეთის ფრიად მოყვარული ნათესაობა ყავდა. ბევრმა მათგანმა თავის კვალი დაამჩნია მომავალი მწერლისა და ფილოსოფოსის ცნობიერებას. მის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში “სიკვდილის გენეზისი” ბავშვობის დროიდელი ბევრი მოგონებაა გაცოცხლებული.
ჯანსუღი 4 წლისა შეიყვანეს საბავშვო ბაღში, ხოლო 7 წლისამ სწავლა დაიწყო ქუთაისის მე-6 საშუალო სკოლაში. მე-5 კლასში იყო, როდესაც სკოლები გაიყო “ვაჟთა” და “ქალთა” სკოლებად. ჯანსუღის კლასი ქუთაისის ვაჟთა მე-6 სკოლას შეუერთდა. ეს სკოლა ბაგრატის ტაძრის წინ მდებარეობდა. ამ ტაძართან ყოველდღიურმა სიახლოვემ, მამის მიერ ხშირად ციტირებულმა აკაკის “თორნიკე ერისთავმა” ბევრად განაპირობა ჯანსუღის დაინტერესება საქართველოს ისტორიით, მისი გმირული სულით, შემოქმედებითი გენიით.
ვაჟთა მე-6 სკოლაში შეიკრა შესანიშნავი მეგობრების წრე, რომელმაც მრავალი ათეული წლის გამოცდას გაუძლო და დღესაც სამაგალითოდაა მიჩნეული. სკოლაში ქართულს, რუსულს და მათემატიკას მთელ ქალაქში გამორჩეული მასწავლებლები ასწავლიდნენ. მე-9 კლასში იყო ჯანსუღი როდესაც ქალთა და ვაჟთა სკოლები კვლავ შეუერთდა ერთმანეთს. ასე აღმოჩნდა ქუთაისის პირველ სკოლაში.
მაგრამ სასკოლო ეპოპეა ამით არ დასრულებულა. მე-11 კლასში იყო, როდესაც პროტესტის ნიშნად საკლასო ჟურნალი დაწვა, რისთვისაც სკოლიდან გარიცხეს. განათლების სამინისტრომ, მართალია, აღადგინა მოსწავლის უფლებებში, მაგრამ სწავლის გაგრძელება ზესტაფონში მოუწია, სადაც ჩაირიცხა მე-4 საშუალო სკოლაში. ჯანსუღი ამ სკოლასაც დიდი სითბოთი იგონებს, განსაკუთრებით კი ქართულის ბრწყინვალე მასწავლებელს - ფატი დადიანს.
ბავშვობის მოგონებებს, სკოლის მეგობრებს, ფატი დადიანს მან შემდგომში არაერთი ლექსი მიუძღვნა.
1951 წ. ის ამთავრებს საშუალო სკოლას ვერცხლის მედლით და იმავე წელს უგამოცდოდ ირიცხება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტლზე. მისი ლექტორები იყვნენ ბრწყინვალე ფილოსოფოსები და პედაგოგები: პროფესორი კოტე ბაქრაძე, რომელიც ასწავლიდა ლოგიკას, და პროფესორი სავლე წერეთელი, რომელიც ასწავლიდა ფილოსოფიის ისტორიას და მის მიერ შექმნილ დიალექტიკურ ლოგიკას. განსაკუთრებული მადლიერებით სავლე წერეთელს იგონებს. ბატონი სავლეს შესახებ რამდენიმე ბრწყინვალე ეპიზოდია ჩართული ჯანსუღ კორძაიას რომანებში.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჯანსუღმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ასევე ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი ნანა ჭაბუკიანი, რომელთან ერთადაც 1958 წ. ოჯახი შექმნა. მათ ეყოლათ ორი ვაჟი: დიმიტრი, ამჟამად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, და კახაბერი - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
ნანა ჭაბუკიანი იქცა ჯანსუღ კორძაიას შემოქმედების ჭეშმარიტ მუზად. მას ეძღვნება მრავალი ლექსი და ორივე გამოქვეყნებული რომანი.
სწორედ ნანა ჭაბუკიანის დამსახურებაა ის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯანსუღმა უარი თქვა წარმატებული ფუნქციონერისა და რედაქტორის თანამდებობაზე და 1961 წელს ჩააბარა თსუ ასპირანტურაში ფილოსოფიის განხრით. მისი ხელმძღვანელი იყო პროფესორი სეით ლარცულიანი. 1963 წ. ჯანუღ კორძაია იცავს საკანდიდატო დისერტაციას პრობლემაზე: “ნახტომი – როგორც კავშირი”.
დისერტაციის დაცვის შემდეგ ის მუშაობას იწყებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე, მისი გამგის, პროფესორ ვახტანგ გაგოიძის მიწვევით. ამ კათედრაზე მუშაობისას ჯანსუღ კორძაია კვლევის საგნად ირჩევს “შემეცნების პრობლემას”, კერძოდ ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემას. 1975 წ. იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას. აქვეყნებს ორ მონოგრაფიას და სამეცნიერო შრომების სერიას.
ამავე პერიოდში იგი იწყებს თავისი ლექსების პუბლიკაციას. პარალელურად აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწეობას. არის განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი, თსუ პროფესორი, კათედრის გამგე და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი.
ამჟამად ჯანსუღ კორძაია პენსიაზეა და განაგრძობს ლიტერატურულ მოღვაწეობას. მას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი.
პოეტური კრებულებია: “შენ უკვე შენ ხარ” (1989 წ.), “ეს საუკუნეც” (1988 წ.) “ჯერ მხოლოდ ერთხელ” (1989 წ.), “კვლავ ვიბადები” (1990 წ.), “იმ დღეების ქრონიკა” (1990 წ.), “შემოდგომა - 1993” (1994 წ.), “ბალადა გია აბესაძეზე” (1995 წ.), “აზრის მონოლოგიები” (1997 წ.), “საუკუნის დასასრულთან” (1998 წ.), “შენ ჩემი სხვა ხარ” (2000 წ.), “რჩეული ლირიკა” (2002 წ.), “შვიდფერი სიმფონიის ფრაგმენტი” (2007 წ.), “ლირიკა” (2008 წ.), “შენით, შენთან თუ უშენოდ” (2009 წ.). ეს უკანასკნელი ტრაგიკულად გარდაცვლილი ძვირფასი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.
რომანებია: “სიკვდილის გენეზისი” (2002წ.) და “ადამიანები” (2005წ.) დასრულებული აქვს დიდი ტილოს - “ვახტანგ გორგასალი” - პირველი ნაწილი, მუშოაბს რომანზე “ალექსანდრე ჭაბუკიანის ცხოვრება”.